logo
ENG



რუსეთის პროკურატურამ "ექსტრემიზმის" საქმეზე ნავალნისთვის 20 წელი მოითხოვა

20 ივლ 202318:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/20/d2irf40slydq96y.jpeg

რუსეთის პროკურატურამ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის "ექსტრემიზმის" საქმეზე 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ამის შესახებ ნავალნის თანამებრძოლი, ივან ჟდანოვი ავრცელებს ინფორმაციას. მისივე თქმით, პროკურორი სასჯელის მოხდას განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში ითხოვს.

ამასთან, ნავალნის ტვიტში აღნიშნულია, რომ პროკურატურა ამავე საქმის მეორე ფიგურანტისთვის, დანიელ ხოლოდნისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.

პირველი სხდომა აღნიშნულ საქმეზე 19 ივნისს ჩატარდა და მაშინვე დაიხურა. პროცესი ერთი თვე გაგრძელდა და განაჩენი 4 აგვისტოს გახდება ცნობილი.

ნავალნის ბრალად ედება "ექსტრემისტული საზოგადოების შექმნა", "ექსტრემიზმისკენ" მოწოდება, ექსტრემიზმის დაფინანსება, არაკომერციული ორგანიზაციის შექმნა, რომელიც არღვევს მოქალაქეთა უფლებებს, არასრულწლოვანთა ჩართვას საშიშ ქმედებებში, ასევე ნაციზმის რეაბილიტაცია. კერძოდ საუბარია ნავალნის მიერ დაფუძნებულ კორუფციასთან ბრძოლის ფონდზე, რომელიც რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული და აკრძალულია.

აპრილში ნავალნიმ განაცხადა, რომ ექსტრემისტული საზოგადოების შექმნის საქმიდან კიდევ ერთი საქმე გამოიყო - ტერორიზმის შესახებ. ამ შემთხვევაში, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მას სამხედრო სასამართლო განსჯის. ოპოზიციონერი ვარაუდობს, ამ საქმეზე მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.


close დახურვა